
ჯუმბერ მილორავა: „რუსთავის N17 დაწესებულებაში შერჩევით უშვებენ, ძირითადად, ნაპროკურორევ ადვოკატებს“
მედია-კავშირ „ობიექტივის“ ადვოკატს, ჯუმბერ მილორავას რუსთავის N17 დაწესებულებაში არ უშვებენ. ამავდროულად დაუბლოკეს პირადი ტელეფონიც, რათა პატიმრებმა ვერ შეძლონ დაკავშირება.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულებთან – ცოტნე გამსახურდიასთან, მელორ ვაჩნაძესთან და თემურ ჟორჟოლიანთან მოსანახულებლად ვიყავი მისული. დაწესებულების ადმინისტრაციამ ყოვეელგვარი ახსნა განმარტებების გარეშე არ შემიშვა საპყრობილეში“,– განაცხადა „ობიექტივთან“ საუბრისას, ჯუმბერ მილორავამ.
მისი აზრით, ამგვარი ქმედებით ირღვევა როგორც ადვოკატის, ისე მსჯავრდებულის უფლებები და ასე თუ გაგრძელდა, პატიმრებს ადვოკატების ნაცვლად პროკურორ-ადვოკატები ეყოლებათ.
„ციხის დირექტორი ლაშა ბრეგვაძე ადვოკატებს ციხის დაწესებულებაში შერჩევით უშვებს. ძირითადად, ნაპროკურორევ ადვოკატებს არ უწევს ის წინააღმდეგობას, რადგან მათი მხრიდან დაბრკოლებას ვერ ხედავენ, ჩვენგან განსხვავებით“, – აღნიშნა მან.
„ამ ფაქტის გასაპროტესტებლად, განცხადებით უკვე მივმართე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს, ამავე სამინისტროს დეპარტამენტის თავმჯდომარეს დავით ჭაკუას, რუსთავის N17 დაწესებულების დირექტორს ლაშა ბრეგვაძეს და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს.
ჩემი მოთხოვნაა დაადგინონ, თუ რა გახდა მიზეზი ჩემი დაწესებულებაში არ შეშვებისა და გამოავლინონ ის დამნაშავე პირები, რომელთა მიმართაც გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“, – აღნიშნა ადვოკატმა.
ზურა როსტიაშვილი: „საქართველოში არ გვაქვს სასამართლო, გვაქვს მხოლოდ ლამაზი და კეთილმოწყობილი შენობები“
„საქართველოში არ გვაქვს სასამართლო, გვაქვს მხოლოდ ლამაზი და კეთილმოწყობილი შენობები“, – ეს განცხადება ადვოკატმა, ზურა როსტიაშვილმა, რომელიც უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობს, დღეს „ობიექტივთან“ საუბრისას გააკეთა.
მისივე განცხადებით, უკანასკნელი თვენახევრის განმავლობაში 5 ისეთი გამატყუნებელი განაჩენი გამოიტანეს, რომ მას აღარ შეეძლო უსამართლობის უპასუხოდ დატოვება.
„არ იყო ისეთი საქმეები, რომ მოსამართლე ვერ გარკვეულიყო, ისეთი მტკიცებულებები მქონდა წარმოდგენილი, 100%–იანი გამამართლებელი განაჩენი უნდა დამდგარიყო, თუმცა არაფერი არ აინტერესებთ, ჩვენს სასამართლოში პროკურორი უყენებს ბრალს განსასჯელს და მასვე გამოაქვს განაჩენიც, რაღა საჭიროა ადვოკატი, თუკი ჩვენს აზრსა და მტკიცებულებებს არავინ გაითვალისწინებს“, – განაცხადა როსტიაშვილმა.
როგორც ადვოკატმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, იმედი აქვს ამ გზით მაინც დაიწყება გარკვეული პროცესები ჩვენს ქვეყანაში.
პატიმარ ბარათაშვილის საქმეზე სახალხო დამცველმა პროკურატურას მიმართა
[ნინო მიქიაშვილი]
მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილის ახსნა-განმარტება სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა და ასევე, მოითხოვა უზრუნველჰყონ მსჯავრდებულისთვის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. ამის შესახებ “ობიექტივს“ ინფორმაცია სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.
ამასთან, როგორც ადვოკატმა კახაბერ მუმლაძემ გვითხრა, მსჯავრდებულმა კახაბერ ბარათაშვილმა 5 დეკემბერს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ დაუდასტურა მისი ცემა-წამებისა და გაუპატიურების მცდელობის ფაქტი.
“5 დეკემბერს მსჯავრდებულს მისი მეუღლე შეხვდა, რომლის თქმითაც კახაბერ ბარათაშვილს ცემა-წამების კვალი - სილურჯეები ისევ ეტყობა; მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და ითხოვს ექსპერტიზის ჩატარებას“, - ამბობს ადვოკატი კახაბერ მუმლაძე, რომელმაც პატიმრის ცემა-წამების ფაქტის გამო 29 ნოემბერს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა. სწორედ ამის საფუძველზე, 1 დეკემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები მსჯავრდებულ ბარათაშვილს შეხვდნენ.
“კახაბერ ბარათაშვილმა განმარტა, რომ 2011 წლის 27 ნოემბერს, ღამის საათებში, N17 დაწესებულებიდან თირკმლის შეტევით გადაიყვანეს N18 სამკურნალო დაწესებულებაში. მისი თქმით, 2011 წლის 28 ნოემბერს, საღამოს, გაუსაძლისი ტკივილები, რის გამოც მან კონტროლიორს ექიმის მოყვანა სთხოვა. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ ნახევარი საათის განმავლობაში მასთან არავინ მისულა; მან კვლავ მიმართა კონტროლიორს, იმავე თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. ბარათაშვილის თქმით, გაუსაძლისი ტკივილის გამო იძულებული გახდა საკნის კარზე დაებრახუნებინა, რა დროსაც მასთან საკანში დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი შევიდა, რომლებმაც იგი ძირს დააგდეს და სცემეს.
მსჯავრდებულის თქმით, მოგვიანებით, კვლავ ჰქონდა აუტანელი ტკივილები, ასევე თავს გრძნობდა შეურაცხყოფილად, მიხოხდა კარებთან და დაიწყო თავის მირტყმა. მასთან კვლავ შევიდნენ N18 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლები, ხელბორკილები დაადეს და მორგში ცემით ჩაიყვანეს. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მორგში იგი ბეტონის იატაკზე დააგდეს და სცემეს.
კახაბერ ბარათაშვილი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტის შემდეგ დაახლოებით 30–40 წუთის მანძილზე, მორგის იატაკზე ხელებზე ბორკილდადებული, მუცლით იწვა. შემდეგ იგი ფსიქიატრიული განყოფილების N10 საკანში გადაიყვანეს, სადაც თანასაკნელებმა ტანსაცმელი მისცეს. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მას კვლავ გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა. მისი თქმით, შემდეგ იგი ჩაიყვანეს N18 დაწესებულების უსაფრთხოების უფროსის კაბინეტში, სადაც ავსაჯანიშვილმა მუქარითა და გინებით დააწერინა, რომ დაზიანებები, რომლებიც მსჯავრდებულს აღენიშნებოდა, მიეკუთვნებოდა თვითდაზიანებებს და რომ N18 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ადვოკატი ჯერ დაატყვევეს და შემდეგ პატიმრისგან მიღებული მტკიცებულება თავისი ხელით დააწვევინეს
“მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერისა, საქართველოში ისევ ირღვევა ადვოკატთა უფლებები, რის გამოც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებასთან მონიტორინგს განახორციელებს”, - ნათქვამია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
საქმე ეხება ადვოკატ ალექსი შოშიკელაშვილის პროფესიული უფლებების განხორციელების საქმეში ხელის შეშლას. 2011 წლის 6 დეკემბერს, 12 საათზე ადვოკატ ალექსი შოშიკელაშვილის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებასთან მონიტორინგს განახორცელებს და პირადად დააკვირდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მხრიდან ადვოკატ ალექსი შოშიკელაშვილს მიეცემა თუ არა პროფესიული მოვალეობების განხორციელების (დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრა და მისგან მტკიცებულებების მოპოვება) საშუალება.
“მე, ზაზა ხატიაშვილმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ არაერთხელ განვაცხადე ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნის თაობაზე, რამაც ასახვა ჰპოვა მრავალ საერთაშორისო დოკუმენტში. მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერისა, სააკაშვილის რეჟიმი ადვოკატთა უფლებების უპრეცედენტო დარღვევას აგრძელებს. ადვოკატ ალექსი შოშიკელაშვილს ორი თვეა არ ეძლევა უფლება სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულ მევლუდ ჭიჭიაშვილს.
2011 წლის ოქტომბერში ადვოკატი ალექსი შოშიკელაშვილი შესული იყო თავისი დაცვის ქვეშ მყოფ მევლუდ ჭიჭიაშვილთან, რა დროსაც, ჭიჭიაშვილმა ადვოკატს მისცა წერილობითი ჩვენება, მის მიმართ განხორციელბულ დარღვევებზე. როდესაც ადვოკატი ტოვებდა სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებას, მას მოსთხოვეს მტკიცებულების მათთვის გადაცემა. ადვოკატი ალექსი შოშიკელაშვილი საათნახევარი არწმუნებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, გაგა კურნალიძეს, რომ მას უფლება არ ჰქონდა ადვოკატისთვის მოეთხოვათ დაცვის ქვეშ მყოფი პირისგან მიღებული მტკიცებულება“, - უთხრა “ობიექტივს“ ზაზა ხატიაშვილმა.
მისივე განმარტებით, მიუხედავად ადვოკატის კანონიერი მოთხოვნისა, ალექსი შოშიკელაშვილი ჩაკეტეს, აღუკვეთეს თავისუფლება და არ უშვებდნენ, სანამ მას თავისი ხელით არ დააწვევინეს დაცვის ქვეშ მყოფი პირისაგან მიღებული მტკიცებულება.
‘ ალექსი შოშიკელაშვილის უკანონო თავისუფლების აღკვეთის ფაქტთან დაკავშირებით რეაგირების მოხდენის თაობაზე მივმართე საქართველოს იუსტიციის მინისტრს და ნაცვლად იმისა, რომ დაესაჯათ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ის პირები, ვინც ადვოკატის უფლებები შეზღუდა, ადვოკატ ალექსი შოშიკელაშვილს დღემდე არ ეძლევა პროფესიული მოვალეობის განხორციელების - თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის საშუალება“, - გვითხრა ხატიაშვილმა.
6.12.2011
[ნინო მიქიაშვილი]
მსჯავრდებულ ნიკოლოზ მირზაშვილს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა №18 სამკურნალო დაწესებულებაში ჩამოხრჩობით ემუქრებიან, ხოლო მისი უფლებების დამცველ ადვოკატ მამუკა ნოზაძეს კი ჰპირდებიან, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დანაშაულს ვერ დაუმტკიცებენ. ამის შესახებ თავად მამუკა ნოზაძემ გვითხრა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ მირზაშვილის წამების ფაქტზე 9 დეკემბერს “ობიექტივის“ ვებგვერდზე გამოვაქვეყნე პირველი წერილი სათაურით - პატიმარი ნიკოლოზ მირზაშვილი მორგში ჩაიყვანეს, “დასკოჩეს“ და სცემეს. შეგახსენებთ იმასაც, რომ წამების ამგვარი ფორმების გამოყენების მიზეზი გახდა მსჯავრდებულ მირზაშვილის მხრიდან მტრედებისთვის პურის ნამცეცების დაყრა.
იმას, თუ რა რეაგირება მოჰყვა ნიკოლოზ მირზაშვილის წამების ფაქტის გახმაურებას, როგორც პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ისე N18 სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან, მამუკა ნოზაძესთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ვებგვერდზე, სიახლეების ნუსხაში მსჯავრდებულ მირზაშვილის შესახებ არაფერი წერია. იქ მხოლოდ იმის წაკითხვა შეგიძლიათ, რომ “არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან მორაგბეთა კლუბ “თსუ-ს“ ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეებმა ამხანაგური მატჩი გამართეს“ და რომ “საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძესთან ერთად რუსთავის №16 დაწესებულებაში პურის საწარმო გახსნა“...
ჯერჯერობით არც სახალხო დამცველის ვებგვერდზე (ახალი ამბების ჩამონათვალში) დევს რაიმე ინფორმაცია, ნიკოლოზ მირზაშვილის წამების ფაქტზე.
ადვოკატი მამუკა ნოზაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბოლოს 13 დეკემბერს შეხვდა.
მამუკა ნოზაძე: 9 დეკემბერს “ობიექტივზე“, “პრესაგე.ტვ“-ზე, “ღია ბოქლომსა“ და 12 დეკემბერს გაზეთ “ასავალ დასავალში“ გამოქვეყნებული სტატიები N18 სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს “ყურადღებით“ წაუკითხავთ. დირექტორმა მის კაბინეტში განმიცხადა, რომ ის, რაც დაიწერა, მოგონილია და რომ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს ვერ დავამტკიცებთ. ასეთი ცინიკური დამოუკიდებულება უკვე ადასტურებს მის დანაშაულებრივ ქმედებას.
სანამ დირექტორი ამას მეტყოდა, მანამდე ამ თემაზე ნიკოლოზ მირზაშვილს ესაუბრნენ, ისეთი ფორმით, როგორც მათ სჩვევიათ, ოღონდ ამჯერად არ უცემიათ.
რა უთხრეს პატიმარს?
- პატიმარს უთხრეს, რომ მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია წაიკითხეს და თუ ის ბრძოლას არ შეწყვეტს, ჩამოახრჩობენ. როგორც ნიკოლოზ მირზაშვილმა განმიცხადა, პირდაპირ ასე უთხრეს - “გაჩერდი, თორემ, ჩამოგახრჩობთ და ვიტყვით, რომ თავი ჩამოიხრჩვე“.
მიმდინარე წლის ნოემბერში მან მოძღვარს უთხრა, რომ თუ მას ჩამომხრჩვალს იპოვიდნენ, ეს არ იქნებოდა მისი გაკეთებული. ამის შესახებ 8 ნოემბერს პროკურატურას წერილობით ვაცნობე. ახლა ჩემთან საუბრისას მირზაშვილმა იგივე გაიმეორა. მითხრა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია, თავის მოკვლას არ აპირებს და თუ მას საკანში ჩამომხრჩვალს იპოვნიან, ეს მისი გაკეთებული არ იქნება.
აცნობეთ თუ არა ევროპულ სასამართლოს, მირზაშვილის წამების ფაქტზე?
- ევროპულ სასამართლოში გასაგზავნი წერილი უკვე თარჯიმანთან არის და 20 დეკემბერს, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სტრასბურგში გავგზავნი. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით მორიგი განცხადება 12 დეკემბერს შევიტანე, რომლის ასლსაც სხვა დოკუმენტებთან ერთად ევროპულ სასამართლოში გადავგზავნი და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხრიდან მირზაშვილის წამების ფაქტს დაუყოვნებელი რეაგირება მოჰყვება.
ამასთან, ევროპულ სასამართლოს ვაცნობებ მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილის წამების ფაქტის შესახებ, იმის აღსანიშნავად, თუ წამების როგორ მეთოდებს ამკვიდრებენ სასჯელაღსრულების N18 დაწესებულებაში, სადაც ამავდროულად კლანური მმართველობაა გამეფებული, ისევე, როგორც ზოგადად ციხეთა სისტემაში.
მაგალითები დაასახელეთ.
- კი ბატონო - N18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორი ვაჟა ცხვედიანი არის დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაური. ამ დაჯგუფებაში შედიან გიორგი ავსაჯანიშვილი და ალექსანდრე თოლორდავა. პატიმრების ცემა-წამება და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება უშუალოდ ვაჟა ცხვედიანის მითითებებით ხდება.
ცხვედიანის ცოლი იქვე, გლდანის N8 დაწესებულებაში მუშაობს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გაგა მკურნალიძის ძმა ვაჟა ცხვედიანთან, რეჟიმის განყოფილებაში მუშაობს...
ამ ადამიანებს არანაირი სამართლებრივი აზროვნება არ გააჩნიათ. ისინი ხელმძღვანელობენ ყაჩაღური, ძალადობრივი და ფაშისტური მეთოდებით. მათ მიერ ბოლო პერიოდში დანერგილი წამების მეთოდები არის პიკი ოცდამეერთე საუკუნეში.
რა რეაგირება მოჰყვა თქვენს მიერ 9 დეკემბერს, ჩემთვის მოცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, ყველა იმ ადამიანთან მიმართებაში, ვისაც უფლებადაცვით სფეროსთან შეხება აქვს?
- მირზაშვილის წამების ფაქტით მხოლოდ პრესის ჟურნალისტები დაინტერესდნენ. როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს (მათ შორის ბიძინა ივანიშვილის “ქართულ ოცნებას“) პროტესტი უნდა ჰქონდეთ ქვეყანაში არსებულ ყველანაირ უკანონობაზე და დანაშაულებრივ ქმედებაზე, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. რეალურად კი ახლა მხოლოდ იმით არიან დაინტერესებულები, პარლამენტართა რაოდენობა გაიზრდება თუ იგივე დარჩება და ვის რამდენი მანდატი შეხვდება.
არადა, ამაზე მნიშვნელოვანია იგივე ნიკოლოზ მირზაშვილის სიცოცხლე, იგივე კახაბერ ბარათაშვილის სიცოცხლე, რომლის მიმართაც წამების დაახლოებით იგივე მეთოდები გამოიყენეს.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების ადგილას მიხეილ სააკაშვილი, რომ იყოს, მირზაშვილისა და ბარათაშვილის წამების ფაქტებზე აურზაურს ატეხდა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით - ადვოკატს, პატიმრის ოჯახის წევრებს შეხვდებოდა, სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის პატიმრის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით დაინტერესდებოდა და მთელ მსოფლიოს აჩვენებდა, როგორ არ ხდება დანაშაულზე რეაგირება და როგორ მფარველობს ხელისუფლება ციხის ჯალათებს.
პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, თუ ისინი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებით მართლაც არიან დაინტერესებულები, ვფიქრობ, მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს მირზაშვილი აწამეს, ბარათაშვილი, ბაგრატიონი, თუ რომელიმე ცნობილი ოჯახის შვილი. ის რომ ციხეში ადამიანს აწამებენ, არის ქვეყანაში საგანგაში მდგომარეობის მანიშნებელი და ამ ფონზე უფლებადამცველების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების პასიურობა საკვირველია. მინდა საპატრიარქოსაც მივმართო, რომ ამ წამებაზე, ძალადობაზე ხმა აიმაღლონ.
ინვალიდის ეტლში მჯდომი მსჯავრდებული კახაბერ ბარათაშვილი დაუნდობლად სცემეს
[obieqtivi.net]
მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილის ადვოკატმა, კახაბერ მუმლაძემ ამ წუთებში „ობიექტივს“ აცნობა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, გუშინ საღამოს, 5 დეკემბერს კიდევ ერთხელ სცემეს.
„ნაოპერაციევ კაცს, ინვალიდის ეტლში მჯდომ ადამიანს ურტყამდნენ სახის არეში და წვივებში“, – განაცხადა „ობიექტივთან“, საუბრისას ადვოკატმა კახაბერ მუმლაძემ.
მისივე თქმით, პატიმარს სახალხო დამცველის წარმომადგენლები დღეს კიდევ ერთხელ შეხვდნენ, რომელთაც განუმარტა, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას „შიმშილობას“ მიმართავს.
ამასთან, ადვოკატის თქმით, ხვალ პატიმრის მოსანახულებლად „ემპათია“–ექსპერტები შევლენ.
გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი მელორ ვაჩნაძის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა
[ნინო მიქიაშვილი]
გლდანის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფ მელორ ვაჩნაძეს მაღალი სიცხე და ტანზე ჩირქოვანი გამონაყარი აქვს. პატიმარს არ აწვდიან მედიკამენტებს, არ აძლევენ სუფთა ჰაერზე გასეირნების და დაბანის საშუალებას. ამის შესახებ მედია-კავშირ “ობიექტივის“ ადვოკატთა ჯგუფის წარმომადგენელმა, ჯუმბერ მილორავამ გვითხრა, რომელიც მელორ ვაჩნაძეს შეხვდა და ესაუბრა.
მისი განმარტებით, 5 დეკემბერს პატიმართან სახალხო დამცველის რწმუნებულიც იყო შესული, რომელსაც ახსნა-განმარტება მისცა. როგორც კი სახალხო დამცველის აპარატი გაავრცელებს ინფორმაციას მელორ ვაჩნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დაუყოვნებლივ შემოგთავაზებთ.
მელორ ვაჩნაძესთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის კითხვებით არ მიგვიმართავს, რადგან სხვა შემთხვევებში, ყოველ ჯერზე, ხსენებული უწყების პრესსამსახურის მითითებით ჩვენთვის საინტერესო კითხვებს, პატიმრების ცემა-წამებასა და არასათანადო სამედიცინო მკურნალობაზე ინტერნეტმისამართზე ვაგზავნიდით, მაგრამ უკან პასუხებს ვერ ვიღებდით.
აი, რა გვიამბო ადვოკატმა ჯუმბერ მილორავამ, მსჯავრდებულ მელორ ვაჩნაძის მდგომარეობის შესახებ:
“მელორ ვაჩნაძის დაცვის საქმეში, უშუალოდ მისი და მისი ოჯახის წევრების თხოვნის საფუძველზე ერთი თვის წინ ჩავერთე. გლდანის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18 სამკურნალო დაწესებულებამდე მელორ ვაჩნაძე რუსთავის N17 დაწესებულებაში იმყოფებოდა. სანამ ხსენებული დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლას ამიკრძალავდნენ, მელორ ვაჩნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობამ ამაღელვა და N17 დაწესებულების მთავარ ექიმს, ზურაბ აფციაურს წერილობით მივმართე, რათა მელორ ვაჩნაძე გადაეყვანათ მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. ჩემი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მელორ ვაჩნაძე 1 დეკემბერს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა ამ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საპატიმროში ყოფნისას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა - დაკავებამდე არსებულმა დაავადებამ, სტაფილოკოკმა თავი შეახსენა. მოკლე ხანში სეფსისის გამწვავება შეიძლება მოხდეს. იგი სამოქალაქო ტიპის სამკურნალო დაწესებულებაში - სეფსის ცენტრში გადაყვანას და სისხლის გამოკვლევას ითხოვს, რადგან იქ, სადაც ამჟამად არის, საამისო პირობები არ არსებობს. ან თუ არსებობს, მაშინ მისთვის გამოკვლევების ჩატარება, დიაგნოზის დასმა და მკურნალობა მიზანმიმართულად არ ხდება.
5 დეკემბერს შევხვდი. დიდხანს მალოდინეს, რადგან მასთან სახალხო დამცველის რწმუნებული, ვინმე დანიელი იყო შესული, რომელსაც მელორ ვაჩნაძემ ახსნა-განმარტება მისცა. იგი უკმაყოფილოა სახალხო დამცველის რწმუნებულის პასიურობით და გულგრილობით.
მატრასზე იმხელა სიბინძურეა, რომ უფრო ზის, ვინემ წევს მასზე. დასაბანად არ გაჰყავთ. მედიკამენტოზურ მკურნალობას არ უტარებენ - პრეპარატებს არ აძლევენ. ტელეფონზე დარეკვის საშუალება არა აქვს და გასეირნების უფლებაც კი წაართვეს. მიუხედავად ამისა, სულიერად გატეხილი არ არის და იმედოვნებს, რომ გარედან ჩვენი (ადვოკატის, არასამთავრობო სექტორის) ჩარევის შედეგად ადეკვატურ მკურნალობას და შესაბამისად, გამოჯანმრთელებას შეძლებს.
უმძიმეს მდგომარეობაშია - სხეულის ქვედა კიდურებზე და სხეულის ზედა ნაწილზე ჩირქოვანი გამონაყარი - უამრავი წერტილოვანი ჩირქგროვები აქვს, საიდანაც ხელის დაჭერით სისხლნარევი ჩირქი გამოდის. ამის ნახვა ჩემთვის შემზარავი იყო. თვალები დაწითლებული, შუბლი ცხელი ჰქონდა. თუ კი უმოკლეს დროში ჯეროვანი ყურადღება არ მიექცევა, თავისი სიცოცხლის და ჯანმრთელობსი გადასარჩენად და უფლებების დასაცავად პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავს, შიმშილობას დაიწყებს“.
პატიმარმა კახაბერ ბარათაშვილმა მშრალი შიმშილობა გამოაცხადა
[ნინო მიქიაშვილი]
არაერთხელ ნაცემი და ნაწამები მსჯავრდებულის, კახაბერ ბარათაშვილის მოსანახულებლად 7 დეკემბერს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18 სამკურნალო დაწესებულებაში ფსიქორეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიას“ ექსპერტები იყვნენ შესულები. ისინი ახლა დასკვნას ამზადებენ. ამის შესახებ “ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა გვითხრა.
ბარათაშვილის უფლებების დამცველი ადვოკატის, კახაბერ მუმლაძის მიერ “ობიექტივისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბოლოს 5 დეკემბერს, ღამით სცემეს - “სახალხო დამცველის რწმუნებულის წასვლის შემდეგ, ინვალიდის ეტლში მჯდომ, ნაოპერაციევ ადამიანს სახეში და წვივებში ურტყეს“. მუმლაძემ ეს ინფორმაცია 6 დეკემბერს, პატიმრის მონახულების შემდეგ მოგვაწოდა.
“6 დეკემბერს, შეხვედრის დროს ასეთი რამ მითხრა - “მიმიხედე ოჯახს და მიხედე შენს თავს. შენ ნუღარ შემოხვალ. მე რომ გამაჩერონ, ის ვარიანტიც აქვთ“. ბოლო წინადადებით რისი თქმა უნდოდა, არ ვიცი, დაკონკრეტება ვეღარ შეძლო, რადგან სოციალური სამსახური უფროსი, ზურაბ ბულბულაშვილი შემოვიდა და მას მალევე შემოჰყვა ამავე სამსახურის თანამშრომელი, ჯულიეტა ჭაბაშვილი. კახაბერ ბარათაშვილმა მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და წამების გამო პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და 6 დეკემბერს მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. მან პრეპარატების მიღებაზეც უარი თქვა, რის შესახებაც სახალხო დამცველის რწმუნებულსაც აცნობა, შეხვედრის დროს“, - გვითხრა კახაბერ მუმლაძემ.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი მსჯავრდებულ ბარათაშვილთან შესახვედრად 6 დეკემბერსაც იყო შესული. ადვოკატ კახაბერ მუმლაძის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, სახალხო დამცველის წარმომადგენელი პატიმარს პირველად შეხვდა 1 დეკემბერს, ახსნა-განმარტება ჩამოართვა, რაც სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა 5 დეკემბერს რეაგირებისთვის მთავარ პროკურორს გადაუგზავნა.
ბარათაშვილის უფლებების დამცველმა ადვოკატმა 7 დეკემბერს საქართველოს მთავარ პროკურორს წერილობით მიმართა და მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილთან მიმართებაში კანონით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ზომების გამოყენება მოითხოვა. ამავე დღეს ადვოკატმა სასჯელაღსრულების მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს, დავით ჭაკუას და სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, დავით ასათიანს მიმართა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სამოქალაქო ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.
8 დეკემბერს ადვოკატი კახაბერ მუმლაძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს მიმართავს:
“6 დეკემბერს, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18 სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის დროს პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში ხელი შემიშალეს, ე.წ. ვახტაზე უკანონოდ დამაკავეს და დოკუმენტაცია ჩამომართვეს. საქმე იმაშია, რომ იქიდან გამომქონდა კახაბერ ბარათაშვილის წერილობითი თანხმობა იმის შესახებ, რომ მასთან შესულიყვნენ “ემპათიას“ ექსპერტები. დოკუმენტაციის ჩამორთმევის მიუხედავად, ამ წერილობითი თანხმობის გამოტანა მაინც შევძელი, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, ჩემი თხოვნის საფუძველზე ორი ასეთი თანხმობა დაწერა და გამომატანა. ერთი დოკუმენტების ზემოდან მედო და მეორე სუფთა ფურცლების შუაში მქონდა ჩადებული. სწორედ ამ უკანასკნელის გამოტანა შევძელი“.
შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებული კახაბერ ბარათაშვილი 2011 წლის 27 ნოემბერს, ღამით, თირკმლის შეტევის გამო გადაიყვანეს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მას მკურნალობის ნაცვლად ცემა-წამებით გაუმასპინძლდნენ. მისი ადვოკატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 28 ნოემბერს ღამით ავადმყოფი პატიმარი მორგში ჩაიყვანეს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში გაკოჭილი მდგომარებაში ჰყავდათ. მას სცემდნენ და თან ვედრებით წყალს ასხამდნენ. ადვოკატის განმარტებით, “პატიმარს 28 ნოემბერს გაუპატიურებით ემუქრებოდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გიორგი ავსაჯანიშვილი“.
კახაბერ ბარათაშვილი 2004 წლის 31 დეკემბრიდან იხდის სასჯელს და გათავისუფლებამდე ერთი წელი აქვს დარჩენილი. კახაბერ მუმლაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს 30 ნოემბერს ოპერაცია გაუკეთეს - თირკმელიდან 2-სანტიმეტრიანი კენჭი და პატარა ქვები ამოუღეს.
"წინააღმდეგობის მოძრაობამ" სასჯელაღსრულების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა
[obieqtivi.net]
"წინააღმდეგობის მოძრაობამ" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია "პატიმრების წამების წინააღმდეგ" გამართა.
როგორც "წინააღმდეგობის მოძრაობის" წარმომადგენელმა მიხეილ კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, აქციაზე წარმოდგენილი აქვთ იმ პატიმრების ფოტოები, რომლებიც წამების შედეგად ბოლო თვეების განმავლობაში სხვადასხვა დაწესებულებებში გარდაიცვალნენ. მისივე განცხადებით, აპროტესტებენ აღნიშნულ ფაქტებს და სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებენ, რომ მსგავსი ფაქტები აღიკვეთოს.
"წინააღმდეგობის მოძრაობის" წარმომადგენლის შოთა ჭოხონელიძის თქმით, 2011 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უფრო მეტი პატიმარი გარდაიცვალა, ვიდრე 2010 წლის განმავლობაში.
მისი განცხადებით, 2011 წელს გარდაცვლილ პატიმართა რიცხვმა 200 შეადგინა, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე მეტია, როდესაც 140 პატიმარი გარდაიცვალა.
მოძრაობა პატიმრების გარდაცვალებაში სასჯელაღსრულების სამინისტროს და სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათი ფოტომასალა ადასტურებს - პატიმრები სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ.