fpphr


d1d2


2 ნოემბერი

„ჩემი შვილი ზუგდიდის საპყრობილეში ცემისგან მოკლეს”
ზუგდიდის მეოთხე საპყრობილის გარდაცვლილი პატიმრის, მურმან კალანდიას ოჯახი, პატიმრის გარდაცვალებაში ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებს. ოჯახის მტკიცებით, პატიმარი ცემისაგან მიყენებული ტრავმებით გარდაიცვალა.

გარდაცვლილს ექსპერტიზა ქუთაისში ჩაუტარდა. ოჯახს ექსპერტიზის ბიუროდნ აცნობეს, რომ პასუხი ერთ თვეში იქნება ცნობილი. გარდაცვლილის ოჯახი სახელმწიფო ექსპერტს არ ენდობა და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს.
42 წლის მურმან კალანდია, ქუთაისში, 31 ოქტომბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, ნაცემი პატიმარი ზუგდიდის საპყრობილიდან თბილისში ციხის საავადმყოფოში გადაყავდათ

4 ნოემბერი

რუსთავის მეექვსე საპყრობილეში პატიმრებს ტელეფონით სარგებლობა აუკრძალეს
რუსთავის მეექვსე საპყრობილეში პატიმრებს ტელეფონით სარგებლობა აუკრძალეს. ეს ინფორმაცია კოტე ინაშვილმა თავის პროექტში „ხმა მიაწვდინე პატიმარს“ გააჟღერა.

მისი თქმით, მსჯავრდებულებს ზემოთაღნიშნული უფლება მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც „ობიექტივს“ N6 საპყრობილიდან პატიმარი ბაჩო შარაშენიძე დაუკავშირდა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

როგორც ინაშვილმა განაცხადა, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირებას მხოლოდ ე.წ. პრივილეგირებული პატიმრები ახერხებენ.

„რუსთავის N6 საპყრობილე ყვარყვარეს ციხესავითაა, იქ საშინელი კანონდარღვევები ხდება და გამოსაკვლევია ამ ციხის ადმინისტრაციის წამომადგენელთა ქმედებებიც“, - აღნიშნა ინაშვილის სტუმარმა, პატიმარ შოთა აფხაიძის ძმამ, გიორგი აფხაიძემ.

5 ნოემბერი

ბრალდებულისა და ადვოკატის სასამართლო დარბაზიდან გაძევების შემდეგ, პროტესტის ნიშნად ყველამ დატოვა სასამართლო პროცესი
„გუშინდელი სასამართლო პროცესი იყო ნიმუში, თუ როგორ ხდება მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში. როცა თამილა ქუთათელაძე და მე დარბაზიდან გაგვაძევეს, პროტესტის ნიშნად ყველამ დატოვა სასამართლო პროცესი“, – განაცხადა ადვოკატმა მალხაზ ჯანგირაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში.

მისივე თქმით, მასალებიდან კარგად ჩანს, რომ ქუთათელაძის მიმართ დარღვეულია ევროკონვენციის, სამართლიანი სასამართლოს და კონსტიტუციური უფლება.

ადვოკატის მტკიცებით, ქუთათელაძე მოკლებულია შესაძლებლობას, წარადგინოს მტკიცებულება და მისცეს ჩვენება სასამართლოში. სასამართლომ ბრალდებულის მტკიცებულებების განხილვაზე უარი განაცხადა.

„მე, მივმართე მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილს რამდენიმე შუამდგომლობით. მოსამართლემ კი არც ერთი გაითვალისწინა. მსურდა სასამართლო პროცესის ვიდეო და აუდიო ჩანაწერი გაკეთებულიყო. ამის პასუხად, მოსამართლემ მითხრა, რომ სულელურ შუამდგომლობას ვაყენებდი. გამოძევებამდე, მე მას ვუთხარი, რომ იგივე ლოგიკით შემეძლო მისი ყველა გადაწყვეტილება მეც სულელურად ჩამეთვალა“, – აღნიშნა ადვოკატმა.

ბრალდებულმა თამილა ქუთათელაძემ სასამართლო დარბაზს მოუწოდა, თუ მას, ან რომელიმე ადვოკატს გააძევებდნენ, პროტესტის ნიშნად ყველას დაეტოვებინა დარბაზი. ბრალდებულისა და ადვოკატის სასამართლო დარბაზიდან გაძევების შემდეგ, ასეც მოხდა.

„უნდა აღინიშნოს, რომ თამილა ქუთათელაძემ 25 დღე იშიმშილა. ამ დროის განმავლობაში ადმინისტრაციის მხრიდან როგორც ფიზიკური, ასევე მორალური ზეწოლაც ხორციელდებოდა“,– განაცხადა ადვოკატმა.

მალხაზ ჯანგირაშვილისა და კიდევ ორი ადვოკატის განცხდებით, მათივე კოლეგა თამილა ქუთათელაძე უკანონოდაა დაპატიმრებული. მას ყოფილი ისანი–სამგორის პროკურორი, დავით გაგნიძე დევნის. გაგნიძე ამჟამად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სტრუქტურის ხელმძღვანელია.

5 ნოემბერი

გელა ნიკოლაიშვილი: „ნაოპერაციები ორი პატიმარი ქალბატონი, ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოში, ლოგინებზე ჯაჭვითაა მიბმული“
მედია–კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ პატიმრებს, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას გადიან, ლოგინებზე ჯაჭვით აბამენ.

„დღეს ორი ნაოპერაციები ქალბატონი, ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოში ლოგინებზე ჯაჭვითაა მიბმული. როგორც ჩანს, ეს ახალი მეთოდია ფიზიკური შეურაცყოფისა, რაც არცერთ ცივილიზებულ და ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება და ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება“, – აღნიშნა ადვოკატმა.

 

5 ნოემბერი

ადვოკატი ნარგიზა ოტიაშვილი: „4 საათის განმავლობაში ბორკილებდადებული გაურკვეველ ადგილას ვიმყოფებოდი“
„ჩვენ გადაგვიყვანეს იმ რეჟიმში, რომ მოქალაქეთა დაცვის ნაცვლად, ჩვენივე უფლებების დაცვა გვიწევს. ამასთანავე ხელისუფლებისათვის აპრობირებული მეთოდი გახდა კლიენტების ადვოკატთან დაპირისპირება“, – განაცხადა ადვოკატმა ნარგიზა ოტიაშვილმა.

ოტიაშვილი აცხადებს, რომ არაერთხელ სცადეს პირადად მასზე საქმე „შეეთითხნათ“, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და სწორედ ამიტომ აგრძელებენ ზეწოლას.

„ტელეფონით გადაღებული მასალის გამო, რომელიც მათ უკანონობას ასახავდა, დაიწყო ჩემი დევნა. 4 საათის განმავლობაში ბორკილებდადებული, სრულიად გაურკვეველ ადგილას ვიმყოფებოდი, თუმცა მე, როგორც ადვოკატს მტკიცებულებების მოპოვების უფლება მაქვს და მაშინ მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დამაჯარიმეს. მას შემდეგ არაერთხელ სცადეს ჩემზე თავდასხმა, მაგრამ რა ასაკისაც დღევანდელი სამართალდამცავები არიან, იმდენი წლის გამოცდილება და სტაჟი მაქვს, ასე ადვილად მე ვერ გამტეხენ“, – აღნიშნა ადვოკატმა.

6 ნოემბერი

ქეთი ბექაური: “ჩემი საქმიანობისა და შეხედულებების გამო ხელისუფლება მდევნის“
[ნინო მიქიაშვილი]

ადვოკატი ქეთი ბექაური, რომელსაც ამავდროულად რადიო “ობიექტივში“ ყოველ კვირა დღეს გადაცემა მიჰყავს, ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ თავისი საქმიანობისა და შეხედულებების გამო იდევნება.

იმაზე, თუ რა აძლევს ადვოკატს ამის თქმის საფუძველს და რა სიახლეებია ლაშა არქანიას გახმაურებულ საქმეში, ქეთი ბექაურთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ამჟამად ის ღუდუშაურის კლინიკაში წევს, ბარძაყის მოტეხილობა აქვს. 7 ნოემბერს ქირურგ–ტრავმატოლოგი მალხაზ ფირფილაშვილი მას ოპერაციას გაუკეთებს. “ობიექტივი“ ქეთი ბექაურს გამოჯანმრთელებას უსურვებს და გთავაზობთ მასთან ტელეფონით ჩაწერილ ინტერვიუს.

რა სიახლეა თქვენი მანქანის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაში?

ქეთი ბექაური: სიახლე ისაა, რომ მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამომართვეს, მაგრამ ამაზე ოდნავ ქვემოთ გიამბობთ. ყველასთვის ცნობილია ის, რაც მოხდა მიმდინარე წლის 26 მაისს – პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოებას ბართლომეს ღამე მოუწყო. მე, როგორც უფლებადამცველს, როგორც იურისტს და ამ ქვეყნის შვილს, უფლება არ მქონდა, რომ “ობიექტივის“ სტუდიაში ჩემი საეთერო დროით არ მესარგებლა და 26 მაისის მოვლენებისთვის სამართლებრივი შეფასება არ მიმეცა.

ამ მიზნით 29 მაისს გადაცემაში სტუმრად მოვიწვიე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი და ამავე ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე, იოსებ ბარათაშვილი. გადაცემის დასრულების შემდეგ, სტუმრები გავაცილე და ამ დროს, ავტოსადგომზე ჩემი კუთვნილი ავტომანქანის მარჯვენა მხარე დაზიანებული, დამტვრეული დამხვდა. საპატრულო პოლიცია გამოვიძახე. სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე წინასწარი გამოძიება იმ დღესვე დაიწყო. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 29 მაისიდან თითქმის ნახევარი წელი გავიდა და გამოძიება ერთ ადგილასაა გაყინული.

რამდენადაც მახსოვს, პოლიციაში თქვენი დაკითხვა რამდენიმე საათი გაგრძელდა.

–თაბუკაშვილის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებაში 4 საათი გამაჩერეს. ჩემგან თითის ანაბეჭდები აიღეს. ვეღარ ვგებულობდი მე ბრალდებული ვიყავი თუ დაზარალებული. ჩემზე გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. გამომძიებელს ხუთ წუთში ერთხელ ურეკავდნენ – ის ანგარიშს აბარებდა, რომ ქეთი ბექაური კაბინეტში დაკითხვაზე ჰყავდა. გამოძიებას, პროკურატურას არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ ჩემი ავტომანქანა “ზონდერბრიგადებს“ შეეწირა. თქვენთვის მოცემულ ინტერვიუში ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ ჩემი მანქანა 28 მაისსაც დააზიანეს, მაშინ, როცა “წინააღმდეგობის მოძრაობის“ ინიციატივით რუსთაველის ძეგლთან ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის დროსაც 26 მაისის მშვიდობიანი აქციის დარბევის ფაქტი გააპროტესტეს. ძეგლიდან პარლამენტის შენობისკენ მანიფესტაცია მოეწყო, რომელშიც ჩემს კოლეგებთან (შალვა შავგულიძე, იოსებ ბარათაშვილი, ზაზა ხატიაშვილი...) ერთად მონაწილეობა მივიღე.

როდესაც აქციიდან მოვტრიალდი, ჩემი მანქანა დაზიანებული იყო, მაგრამ რადგან საავადმყოფოში მიმეჩქარებოდა (მეგობრის დედა უმძიმეს მდგომარეობაში იყო), ამ ფაქტისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, არც პოლიცია გამომიძახებია, დაზიანებული მანქანით გავიქეცი. როგორც ზემოთ გითხარით, ჩემი მანქანა მეორე დღეს, 29 მაისსაც დააზიანეს.

რამდენად უკავშირდება მანქანის დაზიანების ფაქტი მართვის მოწმობის ჩამორთმევას?

–ეს პირდაპირ კავშირშია. ოქტომბრის დასაწყისში, სანამ ბრიტანეთში წავიდოდი, ინგლისისა და უელსის ადვოკატთა საზოგადოების მიწვევით, პროკურორ მურად მნათობიშვილს დავურეკე და ვკითხე როდის აპირებდნენ ჩემს დაზარალებულად ცნობას და რატომ იყო გაჩერებული ჩემი ავტომანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება. ამას პასუხად მოჰყვა ის, რომ მეორე დღეს, შაბათს, ანუ უქმე დღეს, სახლში ფოსტალიონი მოვიდა და დიდი კონვერტი გადმომცა – საპატრულო დეპარტამენტიდან ერთ–ერთი სამმართველოს უფროსი მატყობინებდა, რომ 1 წლის ვადით მართვის უფლება ჩამომერთვა.

რის საფუძველზე ჩამოგართვეს მართვის უფლება?

–საფუძვლად ის იყო მითითებული, რომ თითქოსდა 23 ივნისს გამაჩერა რომელიღაც საპატრულო ეკიპაჟმა, კერძოდ, ვინმე ნადიბაიძემ, 20–ლარიანი ელექტრო საჯარიმო ქვითარი გამომიწერა, რომელიც თურმე მე არ გადამიხდია. ასევე არ გადამიხდია 150–ლარიანი საურავი და შემდეგი სანქცია უკვე მოგეხსენებათ, რომ არის მართვის უფლების 1 წლით ჩამორთმევა.

23 ივნისს საპატრულო პოლიციამ მართლა გაგაჩერათ და დაგაჯარიმათ?

–მსგავი რამ არ მომხდარა. ჩემს ინტერესებს იცავენ ადვოკატები: მზია კოსტავა და ნათელა გოდერიძე. ამ ფაქტთან დაკავშირებით ისინი აწარმოებენ ადმინისტრაციულ საქმეს. მათ ვიდეოთვალის გადაღებული მასალა მოითხოვეს, რაზეც ასეთი პასუხი მიიღეს – “იქ სადაც ქეთი ბექაური გავაჩერეთ, ვიდეოთვალი არ არის და ვწუხვართ, რომ ამ მასალას ვერ გაწვდითო“. ჩემთვის რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ მათ სპეციალურად მიუთითეს ის ადგილი, სადაც ვიდეოთვალი არ არის. ჩვენ მოვიკითხეთ საჯარიმო ქვითარი, რომელიც თითქოსდა ჩამბარდა. აღმოჩნდა, რომ ამგვარი საჯარიმო ქვითარი ბაზაში არ არის.

თუ საპატრულო პოლიცია ცრუობს, მაშინ როგორ აფასებთ თქვენდამი ამგვარ დამოკიდებულებას?

–29 მაისს, გამომძიებელ არჩილ ზალიაშვილს ჩვენება მივეცი და ვუთხარი, რომ ეს არ არის უბრალო კრიმინალი და ქეთი ბექაურის ნივთის დაზიანება, ეს არის დევნა! ჩემი მრწამსის, საქმიანობისა და შეხედულებების გამო ხელისუფლება მდევნის. ჩემი აზრით, სიმბოლურია ის, რომ მედია–კავშირ “ობიექტივის“ წინ, ავტოსადგომზე გაჩერებულ ჩემს მანქანას ზედიზედ ორი დღე ამტვრევდნენ.

ამგვარი ფაქტი მესამედაც განმეორდა – იგივე სამართლებრივი შეფასებისთვის ქრისტიან–დემოკრატებმა ტრიბუნა დამითმეს და მეორე არხზე მიმიწვიეს. გადაცემის დაწყებამდე 15 წუთით ადრე მანქანა დოლიძეზე გავაჩერე, 5 წუთით გადავედი და რომ დავბრუნდი, ავტომანქანას ორივე სარკე დაზიანებული ჰქონდა. რა თქმა უნდა, საეთერო დროს ვერ ჩავაგდებდი, გადაცემას ვერ ჩავშლიდი, იქაც წამყვანის სტატუსით ვიყავი მიწვეულიდა ამიტომ, ტელევიზიასთან ამ დაზიანებული მანქანით მივედი.

გასაჩივრებული გაქვთ მართვის მოწმობის ერთი წლით ჩამორთმევა?

–დიახ, ეს უკანონო ადმინისტრაციული აქტი ვანო მერაბიშვილის სახელზე გავასაჩივრეთ. 11 ოქტომბერს გულუას 10–ში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველ შენობაში ჩემი საქმის პირველი ადმინისტრაციული მოსმენა გაიმართა. პატრულ ნადიბაიძის მიერ შედგენილი ახსნა–განმარტება წარმოადგინეს – ეს იყო ცრუ განმარტება, რომ თითქოსდა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გამაჩერეს. საჯარიმო ქვითარზე ჩემი ხელმოწერა არ არის, რაც ასე განმარტეს – “ქეთი ბექაურმა გვითხრა, ქალაქის მერის, უგულავას ღონისძიებაზე მივიჩქარი და ამიტომ, საჯარიმო ქვითარს ხელ ვერ მოვაწერო“.

რასაკვირველია, ესეც ტყუილია. ჩემს ადვოკატებს მოპოვებული აქვთ დოკუმენტი, რომ იმ დღეს უგულავას ორგანიზებით არანაირი ღონისძიება არ გამართულა და შესაბამისად, ვერც ვერავინ მიმიწვევდა. ამასთან, მე სისხლის სამართლის სპეციალისტი ვარ და არასდროს ვყოფილვარ მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, მაგრამ მეტი ტყუილი მათ უბრალოდ, ვერ მოიფიქრეს.

3 დღის წინ შს მინისტრის პირველი მოადგილის, ეკა ზღულაძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება მივიღე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩემი და ჩემი ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რასაც ჩვენ საქალაქო სასამართლოში ვასაჩივრებთ.

რა ეტაპზეა ლაშა არქანიას გახმაურებული საქმე?

–მოგეხსენებათ, რომ ლაშა არქანიას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით კეკენაძემ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც წინ უძღვოდა მისი წამება. კეკენაძის მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი გავასაჩივრეთ და 4 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო პალატაში სასამართლო სხდომა გაიმართა.

მოსამართლემ მხოლოდ ერთი შუამდგომლობა (სასამართლო სხდომის აუდიოჩაწერა) დაგვიკმაყოფილა. მტკიცებულებები წარვადგინეთ, მაგრამ მათ მიღებაზე, საქმეზე დართვაზე და გამოკვლევაზე სასამართლომ უარი თქვა. სასამართლო სხდომა ძალიან ტენდენციურად მიმდინარეობს. მორიგი პროცესი 14 ნოემბერს, 16 საათზე ჩატარდება.

რომელი მოსამართლე იხილავს არქანიას საქმეს?

–განხილვა კოლეგიალურად ხდება, მაგრამ კოლეგიის თავმჯდომარე არის მარინა იმერლიშვილი.

არის თუ არა რაიმე სიახლე არქანიას წამების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაში?

–შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ, ლაშა არქანიას წამების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 18 აგვისტოს დაიწყო. არქანიას წამების საქმეზე დაიდო სამედიცინო და ფსიქიატრიული გამოკვლევის 90–გვერდიანი დასკვნა, რომელიც მოამზადა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა “ემპათია“. ამ დასკვნაში ლაშა არქანიას სხეულის დაზიანება შეფასდა, როგორც ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. უამრავ დიაგნოზთან ერთად დასკვნაში წერია, რომ არქანიას მიღებული ჰქონდა ქალა–ტვინის დახურული ტრავმა. ამასთან, ექსპერტიზამ ლაშა არქანიას სხეულზე, ორივე იღლიის არეში თერმული დამწვრობის კვალის არსებობა დაადასტურა, რომელიც ანთებული სიგარეტით არის მიყენებული.

ეს სახელმწიფო ექსპერტიზამ დაადასტურა?

–ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სახელმწიფო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომაც ჩაატარა. თერმული დამწვრობის კვალი მათაც აღმოაჩინეს. ლაშა არქანია მისი წამების საქმეზე ორჯერ დაიკითხა.

 

6 ნოემბერი

დიანა გვიშიანი: „საპროცესო შეთანხმებამ საქართველოში მართლმსაჯულება და ადვოკატის ინსტიტუტი დაასამარა“
„ობიექტივის“ ეთერში ადვოკატებმა, დიანა გვიშიანმა, ზურაბ როსტიაშვილმა და რუსუდან ქორჩილავამ საპროცესო შეთანხმებისა და ე.წ. „ჩაშვების ინსტიტუტის” შესახებ ისაუბრეს.

„საპროცესო შეთანხმებამ საქართველოში მართლმსაჯულება და ადვოკატის ინსტიტუტი დაასამარა“, - აღნიშნა ადვოკატმა დიანა გვიშიანმა.
მისივე განცხადებით, გამოძიება არასწორად ან საერთოდ არ ტარდება, ერთადერთ გამოსავლად ადვოკატები აღიარებასა და შემდეგ საპროცესოს გაფორმებას უსახელებენ დაკავებულებს, არ აქვს მნიშვნელობა, მართლა ამ ადამიანმა ჩაიდინა, თუ არა, კონკრეტული დანაშაული.

ადვოკატ ზურაბ როსტიაშვილის აზრით, გამოძიებასთან თანამშრომლობა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია და ციხეში ის პარლამენტარები უნდა ისხდნენ, ვინც „ჩაშვების ინსტიტუტის“ შემოღებას მოაწერეს ხელი.

„ჩვენ გვაქვს საპროცესო შეთანხმება გადაყვანილი ბიზნესრეკეტში. ამ ხელისუფლების წარმომადგენლები თითქოს კანონიერი ქურდების წინააღმდეგ იბრძვიან, მაგრამ თვითონაც არ არიან ნაკლები ქურდები, რადგან ხალხს გლეჯენ და ძარცვავენ, ვითომდა კანონის ფარგლებში“, - განაცხადა როსტიაშვილმა.

ადვოკატ რუსუდან ქორჩილავას თქმით, „ჩაშვების ინსტიტუტის“ გამოყენებით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრილი, გაბოროტებული პატიმარი ბუმერანგივით დაუბრუნდება საზოგადოებას.

„ჩვენს ქვეყანაში საპროცესო შეთანხმების გაფორმება დამოკიდებულია თანხის რაოდენობაზე, იმაზე, თუ როგორ შეეხვეწები პროკურორს, ამ უკანასკნელის ხასიათზე და ადვოკატის ქმედითუნარიანობაზე“, - აღნიშნა ქორჩილავამ.

6 ნოემბერი, 11:04

რუსუდან ქორჩილავა: “საქართველოში სასამართლო ხელისუფლება, ფაქტიურად, ზედმეტი წარმოანაქმნია“
„საქართველოში სასამართლო არ არსებობს. ეს არის აბსურდის თეატრი“,–განაცხადა მედიაკავშირ „ობიექტივთან“ საუბრისას, ადვოკატმა რუსუდან ქორჩილავამ.

მისი განცხადებით, საქართველოში სასამართლო ხელისუფლება, ფაქტიურად, ზედმეტი წარმოანაქმნია და ის პროკურატურის დამატებას, „ნოტარიუსს“ წარმოადგენს.

„სასამართლომ ის ფორმა და შინაარსი უნდა შეიძინოს, რასაც მესამე ხელისუფლება ჰქვია. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება სასამართლოს არსებობას აზრი“,–აღნიშნა ქორჩილავამ.

 

7 ნოემბერი

მანანა კობახიძის განცხადებით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში საქართველოში პატიმრების რაოდენობა შემცირდება
„სამართლიანი იქნება თუ შეიქმნება 20–30 კვალიფიციური იურისტისგან შემდგარი ჯგუფი,რომლებიც განიხილავენ უდანაშაულო მსჯავრდებულების საქმეებს“,–განაცხადა მედია–კავშირ „ობიექტივთან“ საუბრისას , ადვოკატმა მანანა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, ამისთვის აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს პოლიტიკური ნება.

„პოლიტიკური ნების გამოვლენის შემდეგ მოხდება სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რაც პატიმართა საერთო რაოდენობას შეამცირებს. გათავისუფლდებიან ნაკლებად მძიმე დანაშაულის მსჯავრდებულები, მიიღებენ ამნისტიის კანონს და პატიმრებს უფრო ხშირად შეიწყალებენ“,–აღნიშნა ადვოკატმა.

7 ნოემბერი

“შუაღამისას საკანში შედიან და პატიმრებს ეუბნებიან “კაიფში“ ვართ და უნდა გცემოთო! ალბათ, სწორედ ასეთ დროს შემოაკვდათ ჩემი შვილი“
[ილია ჩაჩიბაია]
1 ნოემბერს ზუგდიდის N4 საპყრობილეში, ბადრაგის თანამშრომლებმა 42 წლის პატიმარი წამებით მოკლეს. მურმან კალანდიას ოჯახი, ციხის ექიმის და სხვა დამნაშავეების დაუყოვნებლივ დასჯას ითხოვს. მათი თქმით დანაშაულში ეჭვმიტანილი, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სიკვდილამდე ცემეს. ცხედარს მრავლობით სისხლჩაქცევებთან ერთად სიგარეტით მიყენებული იარები და შუბლზე ჩაქუჩის დარტყმით გამოწვეული სასიკვდილო ჭრილობა ემჩნევა.

კალანდიები მათზე განხორციელებულ ზეწოლაზეც ყვებიან და სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლას ბოლომდე გეგმავენ. შვილმკვდარ დედას დავუკავშირდით და გულწრფელი სამძიმრის შემდეგ, მომხდარზე კომენტარი ვთხოვეთ.

ჟუნა კალანდია, მოკლულის დედა:

“16 ოქტომბერს შვილი ციხეში მოვინახულე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონდა. 31 ოქტომბერს კვლავ მინდოდა მურმანს შევხვედროდი, ექიმს გავესაუბრე და მისი მდგომარეობის შესახებ ვკითხე. მიპასუხა პატიმარი თავს კარგად გრძნობსო. სხვა პატიმრებსაც გამოველაპარაკე, შემომჩივლეს, შუაღამისას შემოვლენ და გვეუბნენიან “კაიფში“ ვართ და უნდა გცემოთო. ალბათ, 1 ნოემბერს გამთენიისას, სწორედ ასეთ დროს შემოაკვდათ ჩემი შვილი...

ხელის ერთ–ერთი თითი მოტეხილი, ხოლო სხეული სიგარეტით ამომწვარი აქვს, ზურგზე წითელი ხაზები აქვს, ვფიქრობ ხელკეტითაა ნაცემი. მკლავი ჩალურჯებული, შუბლი და ცხვირი გატეხილი... ვითხოვ ექიმის დასჯას, რომელმაც ჩემი შვილი არ გასინჯა და სასიკვდილოდ გაიმეტა. ეს დიდი უსამართლობაა! უნდა გასამართლდნენ ის პირები, რომლებმაც შვილი მომიკლეს!!!.“

მედეა კალანდია, მოკლულის და:

“სასიტიკი ცემითაა ჩემი ძმა მოკლული. ცხედარს ექსპერტიზა ქუთაისში ჩაუტარდა, გვაცნობეს დასკვნა ერთ თვეში გახდება ცნობილიო. არ ვენდობით სახელმწიფო ექსპეტიზას და მოვითხოვთ საქმეში კერძო ექსპერტების ჩარევას. მივმართავ საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს, სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება და გამოიძიოს ჩემი ძმის სულისშემძვრელი მკვლელობა“.

კალანდიას უმცროსი ძმა სასჯელს ქსნის კოლონიაში იხდის, სწორედ ის დაუკავშირდა ოჯახს 2 ნოემბერს და უთხრა, რომ მისი ძმა ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა და არავის მოუკლავს, რასაც ოჯახი ზეწოლად მიიჩნევს. ჟენია კალანდია შიშობს, ფაქტის გახმაურების შემდეგ სააკაშვილი-კალმახელიძის ჯალათებმა საფრთხე მისი მეორე შვილის სიცოცხლესაც არ შეუქმნან.

ჟენია კალანდია:
“დაგვირეკა და გვითხრა ეს ამბავი არ გაახმაუროთ და ჟურნალისტებთან ურთიერთობას მოერიდეთო, ეს ბუნებრივი სიკვდილი იყოო. ძალიან მეშინია, მეორე შვილიც არ მომიკლან“.

მურმან კალანდიას წამებით მკვლელობას აპროტესტებს ადამიანის უფლებათა დამცველი გია თევზაძე, რომელიც წამებაში და მკვლელობაში მონაწილე პირთა გამოვლენას და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას მოითხოვს. იმავდროულად საქართველოს სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს მოუწოდებს ეს ფაქტი ასახოს პარლამენტის წინაშე წარსადგენ თავის მორიგ ანგარიშში.

მურმან კალანდიას ზუგდიდში სამშაბათს დაკრძალავენ. ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება და მისი სადისტური სამინისტროები საამუდამოდ დაიკრძალებიან ისტორიულ სასაფლაოზე, სამართალდამცავებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, ოდნავ მაინც შეუმსუბუქონ სატკივარი ჭირისუფალს და შეასრულონ თავიანთი მოვალეობა.